ოსპი, ბარდა, ნიახური

დღეს სამი ძალიან სასარგებლო პროდუქტი მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც რატომღაც პოპულარულები არ არიან ჩვენთან. ესენია: ოსპი, ბარდა და ნიახური. მივყვეთ სათითაოდ.

ოსპი 

lentils-242x300ოსპის (ინგლისურად: lentils) შესახებ შეიძლება არც გაგიგიათ ბევრს, ან გაგიგიათ და არ გახსოვთ. წიგნებში მაინც გექნებათ წაკითხული. ეს პროდუქტი ფართოდ გამოიყენებოდა საქართველოში ლობიოს შემოსვლამდე. ოსპი, გარდა იმისა, რომ ძალიან სასარგებლო მინერალებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს, არის, ასევე, ცილების/ პროტეინების საბადო, 25% ცილაა მასში.

იხ. ვრცელი სტატია ოსპის ისტორიასთან დაკავშირებით რამოდენიმე რეცეპტითურთ.

ოსპის სასარგებლო თვისებების შესახებ სტატია იხ. აქ: >>

cecevica zelenaja 450g

სად შეიძინოთ: 

ჩვეულებრივ მაღაზიებში მას ვერ იპოვით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ცოტამ თუ იცის მის შესახებ. თუმცა მისი ყიდვა შეგიძლიათ გუდვილის ქსელში. ალბათ, იქნება კარფურშიც. მე ვყიდულობ ხოლმე დიდუბეში, თურქულ მაღაზიაში. ეს მაღაზია ძველ პოსტშიც მაქვს ნახსენები და შეგიძლიათ დაწვრილებით აქ წაიკითხოთ:  საჭირო ნივთი: spoon rest.

არსებობს წითელი ოსპი, ყვითელი, მწვანე, იხ. სურათზე. მე მწვანე ვიყიდე სულ პირველად და რადგან მომეწონა, მას მერეც სულ მაგას ვყიდულობ. თქვენ შეგიძლიათ სხვაც მოსინჯოთ. ერთკილოიანი მწვანე ოსპის შეკვრა 4 და რაღაც ლარი ღირს, თუ არ მეშლება. სხვა ფერები უფრო იაფია.

ოსპის რეცეპტი: მისი მომზადება მრავალნაირად შეგიძლიათ, მილიონნაირ რეცეპტს ნახავთ ინტერნეტში. შეგიძლიათ მოამზადოთ და მიირთვათ გარნირად (როგორც ბრინჯი). სხვათაშორის ინდოეთ–პაკისტანში პოპულარულია კერძი, სადაც ოსპი და ბრინჯი, ფანტელებად მოხარშული, შერეულია ერთმანეთთან და შეკაზმული სხვადასხვა საკაზმებით. ოსპიგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვანაირი სუპები, როგორც მზადდება, მაგალითად, ბარდის სუპი, ან მოამზადოთ ისე, როგორც აკეთებთ ლობიოს სტანდარტულად. მე ეს ბოლო ვარიანტი მიყვარს.

2013-09-04 19.10.25

დამატება: 3.07.2013: ეხლა წავაწყდი ამ სტატიას, ოსპის სასარგებლო თვისებებია ჩამოთვლილი და ბოლოში არის ვიდეო, როგორ მოვამზადოთ ოსპის ფხალი, ანუ ოსპი ნიგვზით. საინტერესოა, ესეც ბმული:>>

ბარდა

ბარდა (რუს. Горох, ინგ. Peas)–  “ერთ-ერთი პოპულარული კვების პროდუქტია, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ყველასთვის არ არის ცნობილი. ბარდაში ბევრი ცილებია, რომელთა რაოდენობა თანაბარია ძროხის ხორცში არსებული ცილებისა, ოღონდ მის შემთხვევაში ცილები წარმოდგენილია მსუბუქად ასათვისებელი ფორმით. გარდა ამისა, ბარდის შემადგენლობაში საკმაო რაოდენობით არის ნახშირწყლები და მიკროელემენტები.

peasoup

მწვანე ბარდა შეიცავს ბევრს ვიტამინს  - А, С, РР. მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით არის В ჯგუფის ვიტამინები, რომელიც უზრუნველყოფს ბარდის დადებით გავლენას ადამიანის ნერვულ სისტემაზე – მოქმედებს დამაწყნარებლად. გარდა ვიტამინებისა, ბარდის მოხმარების შედეგად ადამიანმა შეიძლება მიიღოს კალიუმის მარილები, რკინა, ფოსფორი, მანგანუმი. ასეთი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბარდას რთავენ სამკურნალო კვების რაციონში. მისი გამოყენება  სავალდებულოა ისეთი ადამიანების  კვების რაციონში, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები”. (წყარო:>>)

mistral_peas_green_500_g

სად შეიძინოთ:  

ყვითელი ბარდის მარცვალი ალბათ ბევრ მაღაზიაში შეგხვდებათ, მაგრამ მე რატომღაც ეგ არ მომწონს. ბავშვობაში ბაღში რომ ვჭამდით, ის მწვანე იყო და იმ სუპის გემო ახლაც მახსოვს. რატომღაც დედაჩემი არ აკეთებდა ბარდის წვნიანს და არც არავინ აკეთებდა პრინციპში, მოდაში არ იყო. :) ჰოდა, ამასწინათ წავედი გუდვილში, ვიყიდე მწვანე ფერის ბარდა (იხ. სურათზე), და ზუსტად ისეთი სუპი გავაკეთე, ბაღში რომ ვჭამდი ხოლმე და მას მერე რომ არ მიჭამია. :) მშვენიერი იყო. :) აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს “მისტრალის” შეფუთვები, სასიამოვნო ფაქტურაა და ლამაზი. :)

რეცეპტები:

ბარდის წვნიანი მარტივი მოსამზადებელია. დაალბეთ წყალში ნახევარი საათი, მერე მოხარშეთ უბრალოდ. შეგიძლიათ დაამატოთ 1–2 ცალი კარტოფილი. დააბლენდერეთ, დაამატეთ მარილი, წინასწარ ცხიმში მოშუშული ხახვი, ნიორი, მწვანილი, წამოადუღეთ და ეგ არის. მე გირჩევთ, რომ წვნიანს თეფშში რომ დაისხავთ, დააწუროთ ლიმონი. ძალიან უხდება.

ნიახური

Celery, TZ 6200 101210-2ნიახური  (რუს. Сельдерей, ინგ.Celery) მემგონი ყველაზე სასარგებლო და იშვიათი თვისებების მქონე მწვანილია და რატომღაც ჩვენში ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ქინძი ან ოხრახუში. შესაბამისად, მისი ყიდვაც იოლი არ არის, ყველგან არ იყიდება, მაგრამ თუ თქვენ ხშირად მოკითხავთ გამყიდველებს ნიახურს, ისინიც წამოიღებენ ხოლმე გასაყიდად, დათესავენ უფრო ბევრს და ა.შ. მე ქვევით დავწერ მისი სარგებლიანობის შესახებ, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ დღეიდან არცერთ კერძს არ მოამზადებთ მის გარეშე. :) მოხარშულიც ინარჩუნებს თვისებებს. გამოიყენეთ სალათებშიც. :)

ყიდვისას როგორ იცნოთ? დააკვირდით სურათს, ძირები უნდა ქონდეს ასეთი ფორმის და ფერით ლურჯისკენ გადადის ნიახურის ძირების შეფერილობა. ძირებშია მთელი საიდუმლოება, არ მოაჭრათ და არ გადაყაროთ. :)

“ნიახური მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით – კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, C ვიტამინით, შეიცავს აგრეთვე B, PP და E ჯგუფის ვიტამინებს, პურინებს, ეთერზეთებსა და პროვიტამინ A-ს. ჩინურ მედიცინაში ნიახური ოდითგანვე ცნობილია როგორც წნევის დამწევი საშუალება. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ნიახური არტერიული წნევის მარეგულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.

ნიახურის ფესვის, ღეროსა და ფოთლების ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას. აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადვილად ახორცებს ჭრილობებს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აძლიერებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს.” (წყარო:>>)

––––––––

“სხვადასხვა ბოსტნეულისგან დამზადებული და ათასნაირი მწვანილით მორთული სალათები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ვიტამინების მთელ ასორტს შეიცავს, მაგრამ ნიახურის ძირებს კერძების შესაკაზმავად ყველა როდი იყენებს. ჩვენ კი გირჩევთ: ხშირად გამოიყენეთ კერძებში ნიახურის ძირები. ეს მათ არაჩვეულებრივ გემოსაც შესძენს და თან თქვენს ჯანმრთელობასაც არგებს.

niaxuri

ნიახური ოხრახუშის “ახლო ნათესავია”, თუმცა ბოსტანში ისინი სხვადასხვა გზით მოხვდნენ: ოხრახუში – მთიდან, ნიახური კი – ჭაობიდან. ამასთან, ნიახურს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ ბოსტნეულის რიგში დაიმკვიდრებდა ადგილს. შუა საუკუნეებში ის ერთ-ერთ სერიოზულ სამკურნალო მცენარეულ საშუალებად მიიჩნეოდა. ნიახურით მკურნალობდნენ სიყვითლეს, პოდაგრას, რევმატიზმს, სისხლნაკლულობას, თირკმლების დაავადებებს. თურმე ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს ექსპედიციებში ყოველთვის მიჰქონდა ნიახური და სწორედ მისი წყალობით გადაურჩა სურავანდს.

ნიახური ეთერზეთებს, მინერალურ ნივთიერებებს, მჟავებს, ც, ბ, პპ და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინ უ-ს შეიცავს. ნიახური დღესაც ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და კულინარიაში.” (წყარო:>>)

––––––––––––––––

celery

ნიახური სხეულის სიჯანსაღისთვის: შეიცავს ვიტამინ C-ს. ეს ვიტამინი გაციების საწინააღმდეგოა, ასევე ამცირებს ასთმისა და ართრიტების პრობლემას. ასევე მცირდება გულის დაავადებებისა და კიბოს რისკი.

წნევის რეგულატორი: ეს თვისება ნიახურში ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში აღმოუჩენიათ. თუმცა მეცნიერულად დასაბუთდა ევროპაში, იგი შეიცავს პტალიდებს, რაც წარმოქმნის მეტ სივრცეს სისხლძარღვებისთვის, ეს კი ხელს უწყობს სისხლის მოძრაობის შენელებასა და წნევის დაწევას.

ქოლესტერინის მტერი: მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ნიახურის 8–კვირიანი რეგულარული მიღების შემდეგ ორგანიზმში ქოლესტერინის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

კიბოს წინააღმდეგ: ნიახური შეიცავს კუმარინს, რომელიც დაზიანებული უჯრედების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს. ხელს უშლის უჯრედების მუტაციას და ამცირებს კიბოს რისკს. ამასთანავე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აჩერებენ კიბოს უჯრედის ზრდას.  (წყარო:>>)

კარგი ყოფილა ნიახურის წვენიც, იხ. სტატია: სვით ნიახურისა და სტაფილოს წვენების ნაყენი.

აბა, მოამზადეთ, მიირთვით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. :)

–––––––––

ჩემი ბლოგისთვის თვალყურის დევნება შეგიძლიათ ფეისბუქზეც: http://www.facebook.com/Russosblog

fb